წესდება

 

              საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია

 მიღებულია ,,საქართველოს ალცჰაიმერის  ასოციაციის’’-ის
წევრთა საერთო კრების მიერ

 

თბილისი

2018 წლის 28 ივნისის რედაქცია

 

თავი 1

ძირითადი დებულებები

მუხლი 1.

ზოგადი დებულებანი

 

1.1. ,,საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია’’ (შემდგომში - ასოციაცია)  წარმოადგენს  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით შექმნილ  წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

1.2.,,საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია’’ წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და სხვა ატრიბუტიკა. გააჩნია საანგარიშსწორებო და სხვა (მათ შორის სავალუტო) ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში. განაგებს საკუთარ ქონებას ამ წესდების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

1.3 ასოციაციის სრული სახელწოდებაა:

ქართულად: საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია.

ინგლისურად: Alzheimer association of Georgia

რუსულად: Ассоциация Альцгеймера в Грузии

1.4 სამართლებრივი ფორმაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, (ასოციაცია)

1.5 იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი,ფალიაშვილის N40, (საფოსტო ინდექსი 0179)

e-mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

1.6  ასოციაცია თავისი წევრების, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ასოციაციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით.  ასოციაციის  ვალდებულებებისთვის მისი წევრების, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს  ასოციაცია საკუთარი წევრების, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენილობითი უფლებამოსილების მქონე პირების ვალდებულებებისათვის.

1.7. ასოციაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

მუხლი 2

ასოციაციის საქმიანობის მიზნები და მისია

2.1. ასოციაციის მიზნებია:

ა)ალცჰაიმერით დაავადებული პირების დროული გამოვლენა და მხარდაჭერა.

ბ)საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაავადების პრევენციის მიზნით.

გ)რეგიონალური ინფრასტრუქტურის შექმნა ასოციაციის ეგიდით განსახორციელებელი პროგრამების მხარდასაჭერად.

დ)აქტიური მონაწილეობის მიღება სამედიცინო კვლევებში.

ე)საერთაშორისო შეხვედრების, კონგრესების, ლექციების, გამოფენების ორგანიზება-ჩატარება და მათში მონაწილეობის მიღება (საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ).

ვ)ასოციაციის წინაშე დასახული მიზნების მიღწევის მიზნით კონტაქტების დამყარება საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს ასოციაციის მიზნების და ამოცანების შესრულებას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

2.2 ასოციაციის მისია: საქართველო ალცჰაიმერის დაავადების გარეშე, საქართველოს ყველა მოქალაქე ინფორმირებულია ალცჰაიმერის შესახებ;

მუხლი 3

საქმიანობის ფორმები და სახეები:

 

3.1. საწესდებო მიზნების მისაღწევად ასოციაცია:

ა) ახორციელებს ალცჰაიმერის დაავადების და ალცჰაიმერის ასოციაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მოსახლეობაში;

ბ)  აწარმოებს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო კამპანიებს საქართველოს მასშტაბით;

გ) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას და გაძლიერებას, კერძოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან აწარმოებს აქტიურ კომუნიკაციას, ადვოკატირებას, სამოქმედო გეგმის შედგენას სახელმწიფო დონეზე და ასე შემდეგ;

დ) უწევს დახმარებას ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტებს, რაც მოიცავს მოვლას, მხარდაჭერას და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას დაავადების შესახებ;

ე) აწარმოებს ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდების მოძიებას ამ მიმართულებით;

ვ) ახორციელებს თანამედროვე ინფორმაციის, მტიცებულებებზე დაფუძნებული კვლევების მოძიებას,  თარგმნასა და ადაპტაციას დაინტერესებული მხარეებისათვის.

ზ)  ეწევა სამედიცინო სფეროს საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას;

თ) ეწევა იურიდიული კონსულტაციებს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ორგანიზაციის წევრებისათვის( შესაბამისი საზღაურის სანაცვლოდ ან უფასოდ)

ი) ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისის სამედიცინო მომსახურების სისტემის ჩამოყალიბებას;

კ) ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;

ლ) ხელს უწყობს სამედიცინო სფეროში მეცნიერებისა და  განათლების სფეროში ინოვაციური პროექტების პოპულარიზაციას;

მ)ახდენს ფონდების მოძიებას საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის.

ნ) გამოსცემს პროფილური სახის საინფორმაციო და სარეკლამო მასალებს;

ო) ამყარებს ურთიერთობებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების  იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აგრეთვე, მათ წარმომადგენლებთან ამ დარგში.

პ) ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.

3.2. ასოციაცია უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობის ყველა ის ფორმა, რაც სახელდებით არ არის მითითებული ამ წესდებაში, მაგრამ დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით და არ ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს და ამოცანებს.

  თავი 2

                    ასოციაციის დამფუძნებლები და მართვის ორგანოები

მუხლი 4

ასოციაციის დამფუძნებლები

4.1.ასოციაციის დამფუძნებლები არიან:


ა)ნათია შავდია
პროფესია: ექიმი

ბ) ნონა მინდიაშვილი
პროფესია: ექიმი

გ)ნინო მირზიკაშვილი
პროფესია: ექიმი

დ)იმად მაქჰული
პროფესია: იურისტი

ე)მანანა შარაშიძე
პროფესია: ექიმი

 ვ) ამირან გიგუაშვილი
პროფესია: იურისტი

 

მუხლი 5

საერთო კრება

5.1. ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა ასოციაციის წევრთა საერთო კრება, რომელსაც იწვევს ასოციაციის გამგეობა არანაკლებ წელიწადში ორჯერ; საჭიროების შემთხვევაში ასოციაციის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე რიგგარეშე საერთო კრება შეიძლება მოწვეული იქნეს ასოციაციის გამგეობის, ასოციაციის თავმჯდომარის

(პრეზიდენტი) გადაწყვეტილებით და ასოციაციის წევრთა ერთი მეათედის წერილობითი მოთხოვნით.

5.2. ასოციაციის წევრთა საერთო კრება მოიწვევა უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ ასოციაციის წევრთა მისამართით 7 კალენდარული დღით  ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით ან ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებული განცხადებით საერთო კრების ჩატარების ადგილის და დღის წესრიგში მდგარი საკითხების ჩვენებით.

5.3 საერთო კრების დღის წესრიგში წესდების ცვლილებების საკითხის შეტანას წყვეტს უფლებამოსილი ორგანო/პირი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წარდგენილ იქნა ასოციაციის წევრთა ერთი  მეათედის მოთხოვნით.

5.4. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა 1/4. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა.

 

 

მუხლი 6

ასოციაციის საერთო კრების უფლებამოსილებები

6.1. საერთო კრება:

ა) დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით იღებს ასოციაციის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში;

ბ) ფარული კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის წევრებს  და ასოციაციის პრეზიდენტს (გამგეობის თავმჯდომარე) არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება წილისყრა;

გ) ისმენს ასოციაციის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს;

დ) დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს გამგეობის მიერ წარმოდგენილ ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;

ე) დამსწრეთა ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის რეორგანიზაციის შესახებ;

ვ) წევრთა ოთხი მეხუთედით იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის შესახებ;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას წევრის ასოციაციიდან გარიცხვის შესახებ;

თ)ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს.

ი) იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის მიმდინარე საკითხებზე, რომელიც შესაძლოა ამ წესდებაში არ არის სახელდებით მითითებული, მაგრამ არ იკრძალება არც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და არც ამ წესდებით.

კ) ის გადაწყვეტილებები, რაც უშუალოდ არ არის მითითებული წინამდებარე 6.1. პუნქტში ან/და არ არის განსაზღვრული მათი მიღების სპეციალური წესი, მიიღება ასოციაციის საერთო კრების მიერ დამსწრეთა უმრავლესობით.

6.2 საერთო კრებას ასოციაციის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშთან ერთად წარედგინება აუდიტის ფინანსური დასკვნა;

 

მუხლი 7.

რიგგარეშე საერთო კრება

7.1. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა ასოციაციის გამგეობის მიერ:

ა) საკუთარი ინიციატივით;

ბ) თავმჯდომარის ან ასოციაციის წევრთა ერთი მეათედის მოთხოვნით, ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა.

გ) წესდების ან/და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დ)რიგგარეშე საერთო კრებაზე გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდების 6.1. პუნქტის შესაბამისად.

7.2 რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა წინასწარ დადგენილი დღის წესრიგით და სრულდება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე.

                                                                           

მუხლი 8

ასოციაციის გამგეობა და მისი კომპეტენცია:

 

8.1. ასოციაციის საერთო კრებებს შორის ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა, რომლის წევრებსაც  ირჩევს საერთო კრება. ასოციაციის გამგეობა შედგება არანაკლებ 3 (სამი) წევრისგან, რომელშიც უნდა შედიოდეს ასოციაციის პრეზიდენტი (გამგეობის თავმჯდომარე),ერთი დამფუძნებელი და ასოციაციის წვერთაგან ნებისმიერი წევრი (წევრები).

8.2. გამგეობის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, დანარჩენი წევრებისათვის სხდომამდე არანაკლებ 3 (სამი) დღით ადრე ინფორმირების გზით.

8.3  გამგეობის სხდომა შეიძლება ჩატარდეს ან მასში გამგეობის წევრმა მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (ინტერნეტი, ტელეფონი და სხვ.) გამოყენებით (ვიდეო კონფერენცია).

8.4  გამგეობის წევრს ასევე უფლება აქვს წერილობით ან/და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ელექტრონული ფოსტა, ჩატი და სხვა) გამოხატოს პოზიცია განსახილველი საკითხის შესახებ და ამ სახით მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ წესდებით გადაწყვეტილების მისაღებად გათვალისწინებული არ არის ფარული კენჭისყრის ჩატარება.

8.5. ასოციაციის გამგეობის უფლებამოსილება:

ა) წარმართავს ასოციაციის მიმდინარე საქმიანობას მისი კომპტენციის ფარგლებში;

ბ) იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც აცნობებს ასოციაციის წევრებს;

გ) ასოციაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს საერთო კრებისათვის  წარსადგენად აცნობებს ასოციაციის წევრებს წესდების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) ამზადებს ასოციაციის საერთო კრებაზე გასატან საკითხებს;

ე) წყვეტს ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ვ) წარმართავს ასოციაციის ადმინისტრაციის ჩამოყალიბების საკითხს და მის საქმიანობას;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის მიმდინარე საკითხებზე, რომელიც შესაძლოა ამ წესდებაში არ არის სახელდებით მითითებული, მაგრამ არ იკრძალება არც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და არც ამ წესდებით.

თ) წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას.

ი) ის გადაწყვეტილებები, რაც უშუალოდ არ არის მითითებული წინამდებარე 8.5. პუნქტში ან/და არ არის განსაზღვრული მათი მიღების სპეციალური წესი, მიიღება გამგეობის მიერ დამსწრეთა უმრავლესობით.

 

8.6. გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა:

ა)  ასოციაციის წევრობის შეწყვეტისას;

ბ) გამგეობის სხდომებში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის მანძილზე მონაწილეობის მიუღებლობისას;

გ) წესდებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების დადგომისას.

8.7. გამგეობის წევრობის შეწყვეტისათვის საჭიროა იმავე პროცედურა, რაც მისი არჩევისას.

 

მუხლი 9

ასოციაციის პრეზიდენტი (გამგეობის თავმჯდომარე)

9.1 ასოციაციის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც იმავე დროს არის გამგეობის თავმჯდომარე .

9.2. ასოციაციის პრეზიდენტს (გამგეობის თავმჯდომარე) თავის წევრთაგან 1 (ერთი) წლის ვადით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

9.3. ასოციაციის პრეზიდენტის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს გამგეობის ყოველ წევრს.

9.4 ასოციაციის პრეზიდენტისა უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი პრეზიდენტის არჩევამდე.

9.5. საერთო კრების შემდეგ თუ ასოციაციის პრეზიდენტი ახალი პრეზიდენტის  არჩევამდე ვერ ასრულებს თავიანთ უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მისი ფუნქციების შესრულება დაევალოს გამგეობის უხუცეს წევრს.

9.6. ასოციაციის პრეზიდენტი:

ა) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;

ბ) ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;

გ) წარმოადგენს ასოციაციას სხვა პირებთან ურთიერთობაში;

დ) წყვეტს ასოციაციის კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს და ამის შესახებ აცნობებს გამგეობის წევრებს;

ე) ზედამხედველობს და განკარგავს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;

ვ) უძღვება ასოციაციის წევრებთან და წევრობის მსურველებთან მუშაობას გამგეობის მიერ დადგენილი წესით;

ზ) ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ დოკუმენტებს;

თ) გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;

ი) გასცემს მინდობილობებს და ხელს აწერს ხელშეკრულებებს;

კ) იწვევს ასოციაციის საერთო კრებებს და გამგეობის სხდომებს

ლ) ასრულებს ამ წესდებით და მოქმედი კანონმდებლბით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

მ) ახორციელებს სრულ და შეუზღუდავ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9.7. ასოციაციის პრეზიდენტის (გამგეობის თავმჯდომარე) უფლებამოსილების  ვადამდე შეწყვეტა ხდება მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ასოციაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის საერთო კრების დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით. ასევე თუ მოთხოვნის მიუხედავად არ წარუდგენს საერთო კრებას ანგარიშს საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

9.8. ასოციაციის პრეზიდენტი ასოციაციის საქმეებს უნდა უძღვებოდეს კეთილსინდისიერად და ასოციაციისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებს მის წინაშე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბსამისად.

 

 

მუხლი 10

ასოციაციის წევრობა, საპატიო წევრობა და მათი უფლება-მოვალეობები

10.1. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის ფიზიკური პირი, რომელიც იზიარებს  მის მიზნებს, აღიარებს წესდებას, მონაწილეობას მიიღებს ასოციაციის საქმიანობაში და გადაიხდის საწევრო გადასახადს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასოციაციის წევრებად შეიძლება მიღებული იქნენ ასევე იურიდიული პირები, სამკურნალო და სხვა ორგანიზაციები მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად.

10.2. ასოციაციის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს ასოციაციის გამგეობას. გამგეობა წევრად მიღების შესახებ დასტურს აცნობებს განმცხადებელს განცხადების შემოსვლიდან არა უგვიანეს 1 თვისა.

10.3. ასოციაციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

10.4. ასოციაციის წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობდეს ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში;

ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის მმართველ ორგანოებში;

გ) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის პროგრამულ საქმიანობაში;

დ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს გამგეობის სხდომებში;

ე) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;

ვ) ასოციაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

ზ) ატაროს ასოციაციის ემბლემა.

10.5. ასოციაციის წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას ასოციაციის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ) გაუფრთხილდეს ასოციაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;

გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის საქმიანობაში;

დ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ასოციაციის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით.

ე)დროულად გადაიხადოს საწევრო გადასახადი ასეთის არსებობის შემთხვევაში.

10.6. პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ასოციაციის საქმიანობას, ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ასოციაციის საპატიო წევრად. ასოციაციის საპატიო წევრად ასევე შეიძლება მიღებული იქნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მეცნიერები.

10.7. საპატიო წევრზე არ ვრცელდება ასოციაციის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

10.8. ასოციაციის საპატიო წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით.

10.9. ასოციაციის წევრებს და საპატიო წევრებს ეკრძალებათ ასოციაციის სახელით მოქმედება, თუ არ აქვთ სპეციალური რწმუნება.

 

მუხლი 11

ასოციაციის წევრობის შეწყვეტა

11.1. ასოციაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

 ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

 ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;

 გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას;

 დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;

 ე) გარდაცვალებისას;

 ვ) თუ სისტემატიურად (არანაკლებ 3-ჯერ) არასაპატიო მიზეზით არ ესწრება ასოციაციის საერთო კრებას.

11.2 საერთო კრების გადაწყვეტილებით ასოციაციის წევრი, მათ შორის საპატიო წევრი, შეიძლება გაირიცხოს ასოციაციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

 

მუხლი 12

ასოციაციის ქონება და სამეწარმეო საქმიანობა

12.1. ასოციაციის ქონება და შემოსავლები იქმნება, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.

12.2. ასოციაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას და არ ნაწილდება ასოციაციის წევრებს შორის.

12.3.ასოციაცია ხელშეკრულებით, იჯარით ან საკუთრებაში იღებს მიწას, შენობა-ნაგებობას, აგრეთვე ასოციაციის მიზნების განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერ ქონებას.

12.4. ასოციაცია დასახული მიზნების მისაღწევად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ,რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს და უფლება აქვს შექმნას საწარმოები ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით,როგორც საქართველოში ,ასევე მის ფარგლებს გარეთ.

12.5.ასოციაციასთან შექმნილი საწარმოები და ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობას მოახდენენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი 3

მუხლი 13

 ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) რეორგანიზაცია

13.1. ასოციაციის რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13.2. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები, დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

13.3. დამფუძნებელთა გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

13.4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაღვრავენ  ასოციაციის დამფუძნებლები. ასოციაციის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

13.5. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების განაწილების სხვა შემთხვევები რეგულირდება მალიკვიდირებული ორგანოს მიღებული გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

13.6. თუ ასოციაციის დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო ასოციაციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამოდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს რომელსაც აქვს იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორც ლიკვიდირებულ ასოციაციას. თუ ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციის გამოვლენა შეიძლება მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

13.7. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (ასოციაციის პრეზიდენტი) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

13.8. ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით მიზნების მიღწევის, გაკოტრების, რეგისტრაციის გაუქმების ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

 ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.

 

თავი 4

მუხლი 14

დასკვნითი დებულებები

14.1.წინამდებარე წესდება ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

14.2.წესდების დამტკცების მომენტიდან ძალას კარგავს მანამდე მოქმედი წესდების რედაქცია და ასოციაციის საქმიანობა წარიმართება ამ წესდების და მოქმედი კანონმდებლობის შესბამისად.

14.3.თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

14.4. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

14.5. ის საკითხები რაც არ რეგულირდება ამ წესდებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

 

წესდება დამტკიცებულია 2018 წლის 28 ივნისის საერთო კრების გადაწყვეტილებით: