სექტემბერი ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო თვეა.

 

 

მიმდინარე წელს, საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია, უერთდება ალცჰაიმერის დაავადებათა საერთაშორისო ორგანიზაციისა (ADI) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო თვის კამპანიას, რომელიც 16 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება..

კამპანიის ფარგლებში, 16 სექტემბრიდან საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის ფეისბუქ ან ინსტაგრამ გვერდზე Alzheimer Georgia აიტვირთება იასამნისფერი აქსესუარებით გადაღებული ჯგუფური ან ინდივიდუალური ფოტოები. აქტივობა თავისუფალია ფართო საზოგადოებისთვის.

აღნიშნული აქტივობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჯანდაცვის და სამთავრობო დაწესებულებებს, ასოციაციებს, ფონდებს, საელჩოებს, ალცჰაიმერით დაავადებულ პირებს, მათი ოჯახის წევრებსა და უბრალოდ დაინტერესებულ პირებს.

კამპანიის საშუალებით ჩვენ შევძლებთ შიშის და სტიგმის დაძლევას, ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს მოიძიონ ინფორმაცია, მოქალაქეებს გაუწიონ დახმარება და მისცენ რჩევა ალცჰაიმერის დაავადების შესახებ.

 

კამპანიის შესახებ.

2019 წელს, ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო თვის კამპანიის თემაა -  "მოდით ვისაუბროთ დემენციაზე", რადგან საუბარი ხშირად პირველი ნაბიჯია ცნობიერების ამაღლების, დიაგნოზის გაცნობიერების, დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და რჩევების მიღებაში ბარიერების დასარღვევად.

საუბრების საშუალებით ჩვენ ვეცდებით გავზარდოთ ცნობიერება და დავძლიოთ სტიგმა, რომელიც ჯერ კიდევ გარს აკრავს „დემენციას“ და აფერხებს დაავადების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოძიებას, დახმარებას და მხარდაჭერას.

ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო თვის მთავარი მიზანი არის რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა, დემენციის გლობალური გავლენის ჩვენება და დემენციის შესახებ  ინფორმირებულობის პოპულარიზაცია.

 

ალცჰაიმერს დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო თვის შესახებ.

ალცჰაიმერის დაავადებათა საერთაშორისო ორგანიზაცია (ADI), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, ყოველწლიურად სექტემბრის თვეში ატარებს ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანიებს.

21 სექტემბერს, ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო თვე, 2012 წლიდან აღინიშნება. მას მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2018 წლიდან აღნიშნავენ.

2019 წელს ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის რიგით მერვე მსოფლიო თვე აღინიშნება. კამპანიის თემაა "მოდით ვისაუბროთ დემენციაზე"  https://www.worldalzmonth.org/.

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი აწყდება ამ პრობლემას. ეს დიდი გამოცდაა, როგორც თავად დაავადებული პირისთვის, ასევე მისი ახლობლებისათვის. დემენცია გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, აზროვნებაზე, ქცევაზე და ემოციებზე. ალცჰაიმერის დაავადება და სისხლძარღვთა დემენცია დემენციის ყველაზე გავრცელებული ტიპებია. ამჟამად არ არსებობს დემენციის მრავალი სახეობის განკურნება, მაგრამ დაავადების ადრეულ ეტაპზე ზოგიერთი წამლის საშუალებით ხერხდება დაავადების პროგრესირების შენელება, ასევე შესაძლებელია გარკვეული რჩევებისა და დახმარების გაწევა.

 

ორგანიზატორის შესახებ.

ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციას, რომელიც შეიქმნა 2018 წლის 10 ივლისს. ასოციაციის მიზანია მოსახლეობაში ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა და გაძლიერება ამ მიმართულებით https://www.worldalzmonth.org/.

საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაცია, გაწევრიანებულია ალცჰაიმერის დაავადებათა საერთაშორისო ორგანიზაციის (ADI) პროგრამაში, რომლის მიზანია ასოციაციების გაძლიერება და მხარდაჭერა.

აქტივობის პერიოდი დაიწყება 16 სექტემბერს და დასრულდება 30 სექტემბერს.

აქტივობა ითვალიწინებს: იასამნისფერი აქსესუარებით ჯგუფური ან ინდივიდუალური ფოტოს გადაღებას და საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის ფეისბუქ ან ინსტაგრამ გვერდზე Alzheimer Georgia ატვირთვას. 

 

დემენციის შესახებ

დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სახეზეა: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, სწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობები.

დემენცია ხანდაზმულებში ინვალიდობის ძირითადი მიზეზია. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ დემენციით დაავადებულ ადამიანს არ შეუძლია იზრუნოს საკუთარ თავზე, იგი საჭიროებს დახმარებას ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტში.

დემენციის 100-ზე მეტი ფორმა არსებობს. დემენციის ყველაზე ცნობილი ფორმაა ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც ყველა შემთხვევის 50-60% -ს შეადგენს.

დემენციის სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:

მეხსიერების დაკარგვას;

სირთულეებს სწორი სიტყვების პოვნაში ან საუბრის გაგებაში;

რუტინული დავალებების შესრულების სირთულეში;

გუნება-განწყობის ცვლილებაში.

მსოფლიოში 50 მილიონზე მეტ ადამიანი არის დაავადებული ამ დაავადებით და დემენციის ახალი  შემთხვევა  ყოველ 3 წამში დგინდება.

დემენცია, ჩვეულებრივ, ხანდაზმულთა დაავადებაა. 65 წლის ზემოთ ეს პათოლოგია ასიდან ექვს ადამიანს შეიძლება განუვითარდეს. 85 წლის ზემოთ დაავადებული პაციენტების რიცხვი 100 კაცში 20-მდე იზრდება. დემენცია ახალგაზრდებშიც შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ეს გაცილებით იშვიათია.

დემენცია შეიძლება შეეხოს საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს. მისთვის არ არის დამახასიათებელი გავრცელების სოციალური, ეთნიკური ან გეოგრაფიული ხასიათი.

დაავადების ადრეულ ეტაპზე თქვენ შეიძლება შენიშნოთ, რომ ადამიანი უბრალოდ „თავის თავს აღარ ჰგავს“. ზოგიერთი კარგავს ცხოვრების ინტერესს და გულგრილი ხდება.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად ეს სიმპტომები მძიმდება და ყველასათვის იოლადაა შესამჩნევი.

  • პიროვნება დღითიდღე უფრო გულმავიწყი ხდება, განსაკუთრებით ახლო წარსულის მოვლენების მიმართ;
  • ადამიანები ვეღარ ერკვევიან დროში, სივრცეში და კარგად ნაცნობ გარემოშიც კი ვეღარ ახერხებენ ორიენტირებას;
  • ვეღარ ხვდებიან ნათქვამის არსს;
  • დღითიდღე უძნელდებათ ყოველდღიური ოჯახური საქმიანობის შესრულება და პირადი ჰიგიენის დაცვა;

მათი ქცევა უცნაური ხდება.

  • ისინი მალავენ საგნებს ან ეკარგებათ ნივთები და სხვებს აბრალებენ მათ მოპარვას;
  • მათ ესმით ან ხედავენ ისეთ რამეს, რაც სინამდვილეში არ არსებობს;
  • მათ დიდ ნაწილს აღენიშნება უნებლიე შარდვა და დეფეკაცია;
  • სჭირდებათ ინვალიდის სავარძელი;
  • პაციენტები საწოლს მიჯაჭვულნი ხდებიან.

დემენციის დაავადების შესახებ ხშირად არ ლაპარაკობენ, მაშინ, როცა დემენციით დაავადებულ პირთან ერთად მცხოვრები ადამიანი და მათი ოჯახის წევრები ყველაზე მეტად  საჭიროებენ დახმარებას.

სოციალური სტიგმა არის დემენციის შესახებ ცოდნის არარსებობის შედეგი და მას შეიძლება ჰქონდეს მრავალი გრძელვადიანი და მოკლევადიანი ეფექტი, მათ შორის:

დემენციის მქონე პირის დეჰუმანიზაცია;

დაძაბულობა ოჯახებსა და მეგობრებში;

დემენციის მქონე პაციენტებისა და მათი აღმზრდელების საკმარისი ზრუნვის არარსებობა;

დემენციის დიაგნოზის უფრო დაბალი მაჩვენებელი;

დაგვიანებული დიაგნოზი და დახმარება.

დემენციის სტიგმატიზაცია გლობალური პრობლემაა და აშკარაა, რომ რაც უფრო ნაკლებად ვსაუბრობთ დემენციაზე, მით უფრო იზრდება სტიგმა.

ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო თვის პერიოდში,  გირჩევთ მეტი გაიგოთ და ისაუბროთ დემენციაზე, რათა დაავადების შესახებ ინფორმციის გავრცელებით შევამციროთ სტიგმის გავლენა საზოგადოებაში.

ამჟამად არ არსებობს განკურნება დემენციისთვის, მაგრამ არსებობს მკურნალობა და დახმარება.

ალცჰაიმერის დაავადების განკურნება შეუძლებელია, მაგრამ დაავადების ადრეულ ეტაპზე ზოგიერთი წამლის საშუალებით ხერხდება დაავადების პროგრესირების შენელება.

მეცნიერები ადასტურებენ, რომ დემენციის განვითარებას აფერხებს ფსიქიკური სფეროს გავარჯიშება, ფიზიკური აქტივობა და მასტიმულირებელი გარემო. ამდენად, გონებრივი სავარჯიშოები, კითხვა, მარტივი არითმეტიკა და სასიამოვნო გარემოცვა კარგი არჩევანია დემენციით დაავადებული ადამიანის დასახმარებლად.